ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა, როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.
„დღეს, ნავალნის მაგალითმა გვიჩვენა როგორ სრულდება პოლიტიკური პატიმრების სიცოცხლე დიქტატორების ციხეებში. ნავალნის პირადი მტერი იყო ვლადიმერ პუტინი და ასევე, მიხეილ სააკაშვილის პირადი მტერია პუტინი. თავად რუსეთის დიქტატორ მმართველს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამხედრო დამნაშავედ აღიარებულ პუტინს არაერთხელ გაუვლია პარალელი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ის არაერთხელ დამუქრებია მიხეილ სააკაშვილს ფიზიკური განადგურებით, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეებში შემთხვევით არ კვდებიან. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ქალბატონო სალომე - ნუ დაამახინჯებთ ქვეყნის ისტორიას, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრობიდან. კიდევ ერთხელ გეტყვით, ნუ დაამახინჯებთ და ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.