მიხეილ სააკაშვილი არის ლიდერი, რომლის ერთმა მიმართვამ შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასოდეს, სჭირდება ხელისუფლების მშვიდად გადაბარება,-  ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ასეულობით ათასი ამომრჩეველი. მე ვხვდები მათ ყოველდღიურად და ისინი არ შეეგუებიან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ლიდერი, რომლის ერთმა მიმართვამ შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანაში ასიათასობით ადამიანი, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასოდეს სჭირდება ხელისუფლების მშვიდად გადაბარება, სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს რუსეთის, ოლიგარქის ტყვეობაში არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, დღეს ტყვეობაში ვართ ჩვენ, თითოეული საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ქვეყანაა რუსეთის ტყვეობაში.

მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს ხალხი, რომელმაც ერთხელ უკვე ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფლება, ხალხი, რომელმაც მოიტანა „ვარდების რევოლუცია", ხალხი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა, ხალხი ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში და დატოვა უკრაინაში ძალიან დიდი კომფორტი, ძალიან დიდი პატივისცემა",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.