„მე მჯერა, რომ ძალიან მალე ყველა ერთად გავიმარჯვებთ, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას,“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა იცის რა სურს და ითხოვს ცვლილებებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. როგორც თავისუფლება, ზუსტად ასევე, თავისუფლებისთვის მებრძოლთა გზები ვერ იქნება სტატიკური და ახალ დროებას უნდა შეესაბამებოდეს. დროა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძველი ფუნდამენტით ახლებური პოლიტიკა აკეთოს, რომლითაც ჩვენ  ხელისუფლებაში მოვედით და რა ღირებულებებითაც ყველა იმ სიკეთისა და პროცესის შექმნა შევძელით, რომლებიც დღემდე ურყევია და აძლიერებს ქართველი ხალხის  უკეთესობისკენ სწრაფვას. დროა, ქართული საზოგადოება ისევ გაერთიანდეს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ გვესმის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საქმეში საკუთარი უნიკალური როლი აქვს შესასრულებელი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.