შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, დღეს პარლამენტის კომიტეტში განიხილება და სავარაუდოდ, პლენარულ სესიაზეც გავა.

როგორც სპონტანური, ისე არასპონტანური შეკრების ორგანიზატორებს ვალდებულება ექნებათ ღონისძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილონ მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად. საპოლიციო უწყებას მიენიჭება უფლება საჭიროების შემთხვევაში შეკრების ადგილის ან გეზის შეცვლა შესთავაზოს, თუ არჩეული მდებარეობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას. თუ ორგანიზატორი ან მონაწილეები სამინისტროს შეთავაზებას არ დაეთანხმებიან, მათ ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ - მონაწილეს 15 დღემდე, ორგანიზატორს 20 დღემდე პატიმრობა. განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.