ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, კირ სტრამერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავთ დიდი ბრიტანეთის ისტორიულ არჩევნებში გამარჯვებას. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. მოუთმენლად ველოდები თქვენთან და თქვენს მთავრობასთან მუშაობას. მალე შევხვდებით ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე 18 ივლისს დიდ ბრიტანეთში, სადაც განვიხილავთ საერთო გამოწვევებს, მათ შორის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, ენერგეტიკასა და მიგრაციას“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ოთხ ივლისს გაიმართა. გამარჯვება „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიპოვა და ქვეყანას, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, პირველად ჩაუდგება სათავეში.
თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი, კირ სტრამერი გახდება.