2020 წლის არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ უცხოური დახმარების სტრუქტურებმა ჩაანაცვლეს დიპლომატია, თუ კლასიკურად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხდებოდა დიპლომატიური არხებით, ელჩებით, მთავრობების შეხვედრებით, სადაც ინტერესები არ ემთხვევა, იქ დიპლომატიის ამოცანაა, კონფლიქტები არ წარმოიშვას, ეს არის კლასიკური დიპლომატია, ამის ნაცვლად ეს ჩანაცვლდა საგარეო დახმარების სტრუქტურებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უცხო ქვეყნებიდან შემოედინება ფული, რითაც ფინანსდება „ენჯეოები“, შემდეგ კი ისინი წამოწევენ თემას, რომელიც თითქოს არის მიმღები ქვეყნის ხალხთა ინტერესში.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ასე ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი უხსნიდა, რა იყო მისი ხალხის ინტერესი და სურვილი.
„როდესაც უცხო ქვეყნიდან შემოედინება ფული სხვადასხვა დონორის მეშვეობით, ამ შემთხვევაში მაგალითად USAID-ი იქნა მხილებული აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან, შემდეგ ამით იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ხდება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება, მიმღები საზოგადოებისთვის უცხო იდეების შემოტანა, ჩანერგვა და წარმოჩენა, თითქოს ეს არის იმ საზოგადოების ინტერესი. მაგალითად ლგბტ პროპაგანდა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. შემდეგ დონორი თუ ელჩი ხელისუფლებას ელაპარაკება, თითქოს ეს არის ხალხის ინტერესი და მის დასაცავად იბრძვიან. ეს პრაქტიკაშიც ასე ხდებოდა. თეა წულუკიანმაც ისაუბრა ამაზე და მეც არაერთხელ ვთქვი. როცა ჩემს კაბინეტში ამა თუ იმ უცხო ქვეყნის ელჩი მელაპარაკებოდა ქართველი ხალხის ინტერესებზე. ამ დონეზე მივიდა შიდა პოლიტიკაში ჩარევა. როდესაც თავად დონორები ქმნიან რაღაც თემას, მაგალითად ლგბტ უფლებების საკითხი, რამდენიმე ქვეყანა იყო ამაში განსაკუთრებით აქტიური. ისინი ქმნიან თემას და გეუბნებიან, ეს არის თქვენი ხალხი ინტერესიო. ეს ხდებოდა ბოლო წლებში ნაცვლად დიპლომატიისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩს თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ინსტრუქცია უნდა მიეცა.
„ზოგიერთი ქვეყნის ელჩსაც თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქცია, როგორი კანონები უნდა მიგვეღო, როგორ უნდა ყოფილიყო ესა თუ ის პუნქტი ჩამოყალიბებული. შეეჩვია ზოგიერთი იმას, რომ საბჭოთა კავშირის დროს მეორე მდივნის ფუნქცია იყო ასეთი, რომელიც მოსკოვიდან ინიშნებოდა, ის როგორც წესი, ჩრდილში იყო ხოლმე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მას ეკუთვნოდა სიტყვა. ზოგიერთმა, სამწუხაროდ, ძალიან მოირგო ეს როლი, რომელმაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, სხვა ქვეყნის კონსტიტუციის და ხალხის წინაშე ფიცდადებულმა ადამიანმა, უნდა მისცეს ინსტრუქციები, რა და როგორ აკეთოს. იმედი მაქვს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა პატივს სცემს სხვა ქვეყნების ინტერესებს და ამაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.