ყულევთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობდით, დადასტურდა, არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, თორემ მერწმუნეთ, რამენაირად გამოჟონავდა, ამ ბრიუსელიდან ყველაფერი ჟონავს ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ბრიუსულიდან გადაწყვეტილებები, რომელიც საიდუმლოდ მიიღება, ისინიც ჟონავს ხოლმე „რადიო თავისუფლების“ სხვადასხვა წყაროდან და როგორმე გამოჟონავდა, რამე რომ ყოფილიყო. ამიტომ, არანაირი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, ყველა კორესპონდენცია გასაჯაროვდა და მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი ევროკავშირს, სადაც სწორედ ეს წერია, რომ არანაირი ფაქტი არ არსებობს. საქართველო, როგორც ყოველთვის, ერთგულია იმ ვალდებულებების, რომელიც ჩვენ პირველივე დღიდან ვთქვით, 2022 წლის 20 თუ 25 თებერვალს, რომ საქართველო არ დააწესებს ორმხრივ სანქციებს, მაგრამ საქართველო არ იქნება ადგილი, სადაც მოხდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა. ამაზე დღემდე არცერთი ფაქტი, საქართველოსთან დაკავშირებით არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ვინაიდან არანაირი საფუძველი არ იყო, ამიტომ ამოიღეს ყულევის პორტი სანქციების პაკეტიდან.
„არის ორი ვარიანტი, ან მტკიცებულების არარსებობისგან გამო არ შეიტანეს, ან მტკიცებულებების მიუხედავად არ შეიტანეს. მეორე ხომ გამორიცხულია? რადგან ეს მაშინ ნიშნავს, რომ არაკეთილსინდისიერად მუშაობს ბატონი სალივანი, ან მთლიანად ევროკავშირი, ადგენს, რომ სანქციები დაირღვა და ამის გამო შედეგები არ დგება. ეს მათი არაკეთილსინდისიერება იქნებოდა. ესეც იყო გარკვეული იარაღი საქართველოს წინააღმდეგ, ვნახეთ მათ შორის, იგივე ბატონი პეტერი, რომელმაც ეს გამოიყენა, რომ კიდევ ერთხელ თავს დასხმოდა ქართველ ხალხს. არ გავიდა ეს თავდასხმა. ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველანაირი მტკიცებულება, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ ვატყობინებთ იქით ევროპას, მათ შორის, „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებით, ღია ზღვაში ერთი გემიდან მეორეზე გადატვირთვაზე. ჩვენი ინფორმაციის შედეგად აღმოაჩინეს და დაადგინეს რამდენიმე ასეთი დარღვევა, ღია ზღვაში რაც ხდებოდა. 2 000-ზე მეტი ტვირთი გვაქვს გაჩერებული. ჩვენ გადავაჩერეთ ევროპიდან გამოპარებული ტვირთი, რომელიც რუსეთში მიდიოდა. სად იყურებოდნენ, რატომ წამოვიდა ეს ტვირთი და რატომ მოვიდა ჩვენ საზღვრამდე ეს ყველაფერი? მათ შორის, თუ არ ვცდები, 50-ზე მეტი გემი არ შემოვუშვით საქართველოს პორტებში და რას დაცურავენ, რატომ ვერ აკავებენ და აჩერებენ? ახლა თურმე ჩვენი, სამ-ხუთ მილიონიანი ქვეყნის გადასაწყვეტი ყოფილა ყველაფერი. კიდევ ერთხელ, არცერთი მტკიცებულება არ იყო და დღეს მათ შორის, პრესსპიკერის განცხადება იყო, ეს უკვე გაქვს მუშტების ქნევას ჩხუბის შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან, რა მტკიცებულებებს გულისხმობდა ის, როდესაც აკეთებდა განცხადებას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს საჯაროდ მოუწოდა.
„საჯაროდ მოვუწოდე, თუ აქვს რამე, დაასახელოს და შეიძლება ასე? ზრდასრული ადამიანი გამოდის, ამას საუბრობს და მტკიცებულებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










