დიალოგი იგულისხმება პოლიტიკურ თანაარსებობაში და აზრების გაცვლაში, ამის ყველა პლატფორმა გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით და ამისთვის არსებობს არჩევნები, ევროკავშირს რადიკალებისთვის არ უნდა ებიძგებინა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები, წასულიყვნენ ტყუილზე და ძალადობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მათ ჩახსნეს მანდატები. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ თქვენ წვავთ ხიდებს დემოკრატიული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა გარკვეული პირობებით დათანხმდეს ხელისუფლება დიალოგს, თუ ოპოზიცია ბოიკოტს შეწყვეტს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სულმოუთქმელად ელოდება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციამ კი თავად თქვა უარი პარლამენტში შესვლაზე.
„პარლამენტი არის ამისთვის, ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და შეეძლოთ, ამის მონაწილე ყოფილიყვნენ, მაგრამ დახიეს მანდატები, ახლა შეუძლიათ, კომიტეტის სხდომაზე მოვიდნენ, როგორც მოქალაქეები. იცით, რომ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა საკმაოდ ღია და გახსნილია, კომიტეტზე მიიღონ მონაწილეობა, როგორც მოქალაქეებმა და ეს იქნება მათი ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ვიხილოთ შარლ მიშელის მსგავსი მედიაციის პროცესი უკვე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ჩართულობით, რადგან შარლ მიშელი ახსენეს და ძალიან ბევრი განცხადება იყო მათი მხრიდან სწორედ დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება, ადამიანებს კეთილი განზრახვები აქვთ, რომ არსებობდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის კავშირი, ან საუბარი.
„საქართველოში არის არჩეული ხელისუფლება, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში, ვხედავთ უსაფრთხოებას, რომელიც ქვეყანაშია და იმ ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიული პროცესების მიღმა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვაიძულებთ. ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ და ვთქვათ, რომ კარგი, შეეშალათ და კიდევ ერთხელ ახლა საბავშვო ბაღში ბავშვივით ვატაროთ და ნოტაციები წავუკითხოთ. აქედან გამომდინარე, მათი არჩევანია, ზრდასრული ხალხია და მათ აირჩიეს ქუჩა, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში, როგორც არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიზანია არა დიალოგი, არამედ კონსტიტუციურ ჩარჩოში ქვეყნის მართვა, მართვაში მონაწილეობა, თუკი ადამიანს აქვს ამის მანდატი
„ეს არის მიზანი, აქ საჭორაო ბიურო ხომ არ არის. რაღაც მიზანი უნდა იყოს და პარტიებს შორის დიალოგის მიზანია, რომ ხალხის მანდატი ვისაც აქვს, პარლამენტის ფორმატში ჰქონდეთ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მიიღონ კანონები და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ არ ვართ ასე ვთქვათ, პირველყოფილი თემური წყობილება, სადაც ახლა სხვადასხვა ჯგუფმა უნდა მონახოს საერთო ენა, რომ არ იყოს ომი? ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუციური ჩარჩო და ყველამ უნდა იმოქმედოს ამ კონსტიტუციურ ჩარჩოში. არაფერი ახლის გამოგონება არ არის საჭირო. მათ შორის, სხვათა შორის, ეუთო-ს დელეგაციასთანაც გვქონდა ამაზე საუბარი, რამე ახალი უნდა გამოვიგონოთ, ახალი დემოკრატია? დემოკრატიის ფორმა, ჩარჩო, რაც არის მოცემული, რაც სხვა ქვეყანაში მოქმედებს, ზუსტად ისე მოქმედებს ჩვენთან. სადაც არიან ტერორისტები, მათ ეპყრობიან, როგორც ტერორისტებს, იქ, სადაც არიან, რადიკალები, ექსტრემისტები, ყველაფერს თავისი ნიშა აქვს და არავინ არ ითხოვს არცერთ ქვეყანაში, რომ იყოს ერთმანეთში აზელილი დემოკრატიული და არადემოკრატიული ძალები. ამიტომ, ყველაფერს სინამდვილეში კონსტიტუცია ალაგებს, თავის ადგილს უჩენს ყველას. ვინც გადის დემოკრატიის მიღმა, ის რჩება დემოკრატიული პროცესების მიღმა, რადგან თავს იყენებს დემოკრატიის მიღმა. ვინც არის დემოკრატიის მტერი, ის ვერ ისარგებლებს დემოკრატიის სიკეთეებით. აი, ეს არის მარტივი ფორმულა თავდაცვითი დემოკრატიის, ის, ვინც არის დემოკრატიის მტერი, მას არ შეიძლება, პრეტენზია ჰქონდეს, რომ იყოს შემდეგ დემოკრატიული პროცესის თანამონაწილე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად იყო მისაღები ეუთო-ს დელეგაციისთვის ხელისუფლების არგუმენტები, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დელეგაციამ მთავარი რამ აღნიშნა, მათ შორის, საბოლოო განცხადებაშიც, რომ ეუთო-ს ან სხვა ორგანიზაციის საქმე არ არის საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის დალაგება რაღაც გემოზე.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ უმცირესობას არ უნდა მიეცეს საშუალება, უმრავლესობას უკარნახოს თავისი წესები.
„ექსტრემიზმი სწორად ეს არის, რაც უნდა ზოგიერთ ჯგუფს, რომ აქ რაღაც აპარტეიდი ჩამოყალიბდეს, სადაც უმცირესობამ უნდა მართოს უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ვერავინ ვერ დაუშვებს, მით უმეტეს ჩვენი ხელისუფლება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნებმა თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.









