კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითი დღე იზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობამ ვიზუალურადაც დაინახა – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო.

„ეს პროცესი არ არის ახალი. განსაკუთრებით, ეს პროცესი 2022 წლის შემდეგ უფრო ნათელი გახდა და აქედანაც იყო გამოწვეული ჩვენი ფრთხილი პოზიცია. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ის მთავარი ამოცანები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს – კეთილდღეობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ერთადერთი საზომი, რითაც ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ. სხვა დანარჩენი საზომები – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიმე ბალტიის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეს არის მეჩვიდმეტეხარისხოვანი იმ მთავარ ამოცანებთან, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, როდესაც უშუალოდ ასეთი კონფლიქტებია.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. მისი ფასი დღითიდღე იზრდება. ეს ჩვენ ვიზუალურადაც დავინახეთ – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო. ასე რომ, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.