ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით, რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას, ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს ჰკითხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრება.
პაპუაშვილის თქმით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საუბარი იქნება მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფება ფორუმზე თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, რომელიც ეძღვნება მშვიდობის საკითხებს. ფორუმის მონაწილეებს განსაზღვრავს თავად მასპინძელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ წარმოადგენს საქართველოს. ჩვენ პატივს ვცემთ თურქმენ კოლეგებს. ფორუმზე მიწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები, საერთო ფოტოებიც ხშირად არის ხოლმე, ერთთან შეიძლება, სხვანაირი ურთიერთობა გქონდეს, სხვასთან – სხვანაირი. თურქმენეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს, მათ შორის საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ძირითადი რგოლის მონაწილის მხრიდან, არის განსაკუთარებული ინტერესი საქართველო-თურქმენეთს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პატივისცემა თურქემენეთის მიმართ. პატივისცემას არავინ გვავალდებულებს, ეს არის ადამიანური, სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. არანაირი ინტერესების ხარჯზე არ ხდება არაფერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა ერთი რამ, რომ მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით.
„ვინც მზად არის, პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას. ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც პატივს სცემს ამ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ჩვენი, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ ვსაუბრობთ. დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. არის ერთადერთი, ჟენევის ფორმატი, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, გვქონდეს კონტაქტი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, ვინაიდან მათ აქვთ ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სხვა მხრივ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობა, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ირაკლი კობახიძემ და ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ერთმანეთს გაესაუბრონ, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ არის“.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ამ ფორუმზე პუტინის ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან საუბარი იქნება მშვიდობასა და სუვერენიტეტზე.
„ზუსტად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, რათა ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ჩვენ ჩვენსას ვამბობთ. ხედავთ, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ღია და ადვილი გასაგებად. ჩვენ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონა არ არის ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს, გავლენა მოვახდინოთ დიდ პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგრამ, ერთი რამ მგონი, გვაჩვენა უახლოესი რამდენიმე წლის ისტორიამ, რომ ჩვენი სიტყვაა სამაგიეროდ, რომელიც ჭრის. ჩვენი მთავარი მიზანია, რუსეთმა ხელი უნდა აიღოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი რომ ჰქონდეს, ვერ ექნება. საქართველოს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









