მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშას“ კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილსა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით,  ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს „ფრი მიშა“ კამპანიას. ეს სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს. სააკაშვილი ვიდრე საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმევდნენ ხელს, მასთან, კრიმინალ ადამიანთან სემინარს ატარებდნენ. ადამიანთან, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. სააკაშვილს ვინც მაშინ ახალისებდა, მათ შორის, იმით, რომ საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები დგანან და კვლავ იცავენ, მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამას პოლიტიკური კორუფციის გარდა, ჯიუტ „ფრი მიშას“ კამპანიად ვერ ავხსნი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.