დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. მომავალი სამი წლის განმავლობაში კავშირს ავსტრალიის პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ფორმატში საქართველოს დელეგაციას კოლეგიალური თანამშრომლობის შესაძლებლობა ჰქონდა.

„ამ კავშირის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ კოლეგიალური თანამშრომლობა გვქონოდა. ვფიქრობ, რომ ასამბლეა ძალიან წარმატებული იყო. ჩვენი დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი იყო ის შეხვედრები, რომლებიც გავმართეთ. შესაძლებლობა მქონდა, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა მქონოდა. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ორმხრივი ურთიერთობის ჩვეულ სტრატეგიულ კალაპოტში დაბრუნების მნიშვნელობასა და გზებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მალე გვექნება. ასევე შესაძლებლობა მქონდა, რომ პირველად, მას შემდეგ, რაც ნაურუმ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა, ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვედროდი. მათ მადლობა გადავუხადეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ არაღიარების პოლიტიკა თავის შედეგების მოტანას გააგრძელებს. ახლა რიგში სირია და ვენესუელა არიან. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ამ ქვეყნებმაც გააუქმონ. ასამბლეა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც სხვა მხრივ რთულია, გვქონდეს პირდაპირი კავშირი, ვესაუბროთ არაღიარების პოლიტიკაზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემატიკა. ეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს შეეხება, რომელიც თუ დაირღვა პლანეტის ერთ წერტილში, ის შემდეგ უკვე ადვილად მიაღწევს მეორე წერტილშიც. ასე რომ, ეს ყველას ეხება. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, თითოეულ ქვეყანას ეხება. თუ საქართველოს შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემა არ იქნება, მაშინ სხვა შემთხვევაშიც ადვილად დაირღვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.