უკვე რთულია, სერიოზულად შეაფასო ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა უკვე მეცხრე რეზოლუცია მიიღო ქართველი ხალხის მიმართ მტრული ქვეტექსტით.

„გასაკვირიც აღარაფერი არის. ვხედავთ ხოლმე, რომ შემოდგომა და გაზაფხული არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული გამწვავება ემართებათ ანტიქართულ ჯგუფებს. ერთის მხრივ EPP, სააკაშვილი რომ მთავარ დემოკრატად მიაჩნიათ დღემდე, ის პარტია, ღირებულებით უფსკრულში მყოფი პარტიული გაერთიანება, მეორეს მხრივ, ვხედავთ კვლავ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, გორბაჩოვის თანამებრძოლ იუკნევიჩიენეს, ასტრახანელ გერმანელებს და ა.შ., ადამიანებს, რომლებიც სუფთა საბჭოთა მენტალიტეტის მატარებლები არიან, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერი არის. 9 რეზოლუცია გვაქვს უკვე ასეთი ნანახი, სადაც სანქციების დაწესებას ითხოვენ, მესამე რეზოლუცია არის, სადაც ჩემი სახელი და გვარი ამოვიკითხე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი ცივილიზაციურ უფსკრულშია.

„ჩვენ უნდა შევხედოთ შემდეგნაირად – ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ ცივილიზაციურ უფსკრულში, ევროპარლამენტის შემთხვევაში, ის უკვე იქ იმყოფება. ევროპარლამენტი ცივილიზაციურ უფსკრულშია და იქიდან გვესაუბრება. ჯერ ამ ცივილიზაციური უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს ევროპარლამენტი და შემდეგ შეიძლება, რაიმე წონა შეიძინოს მათმა საუბარმა. ის მოგვაგონებს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობას ერთი-ერთში, ზუსტად იგივე ესთეტიკაა. დღესაც შეგიძლიათ, ნახოთ ინტერნეტში 1989 წლის მაისის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, 9 აპრილის შემდეგ. როგორც გუშინ გვლანძღეს ქართველები ევროპარლამენტში, ასე გვლანძღავდნენ მაშინ რუსი, თუ ზოგიერთი არარუსი დეპუტატი, საბჭოთა დეპუტატები. რა უნდა ყოფილიყო ჩვენი რეაქცია – როგორც მაშინ არ მივაქციეთ ყურადღება ქართველმა ხალხმა ლანძღვას საბჭოთა ყრილობიდან, ასევე არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ევროპარლამენტის ლანძღვას, ზიზღს, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს პირდაპირ ქართველი ხალხის მიმართ აქვს. რასა იუკნევიჩიენეს უბრალოდ ვეზიზღებით ქართველები. ადამიანს ეტყობა ლექსიკაზე, რიტორიკაში, ყველაფერში. მას პირად მტრად ჰყავს სტალინი და, ქართველი რადგან იყო სტალინი, ეს ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ვერ მოუნელებია. ევროკავშირს თუ უნდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასეთი ევროპარლამენტით ჩვენ წევრად ვერ მიგვიღებდა. ჩვენ ასეთ ხალხთან საერთოდ დარბაზში დასაჯდომი არაფერი გვაქვს, ხალხთან, რომელთაც პირდაპირ ზიზღი აქვს ქართველების მიმართ და ამ ზიზღის გადმოფრქვევისთვის იყენებენ ევროპარლამენტის დარბაზს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო.