როგორც ჩანს, გახარია და მისი პარტია „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ღალატობენ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა“ წამყვანის შეკითხვას.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პოლიტიკური გამოყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გაერთიანება სამწუხარო გზაზე დგანან.

„ეს დისკუსია მეც ვნახე გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის და, მგონი, ყველაზე კარგად შეიფერეს ეპითეტი მოღალატე, რაც გიორგი გახარიას მიმართ იქნა გამოყენებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა ეს ხაზგასმით აღნიშნა. რასაც ვუყურეთ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობასაც“ ღალატობენ ამ შემთხვევაში, თუ რა იყო ეს დისკუსია, ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ფაქტია, სამწუხარო გზაზე დგას ეს პოლიტიკური გაერთიანება და თავად გიორგი გახარია. საქართველოს ისტორიაში ეს ბედი ჰქონია რამდენიმეს, რომელიც მოღალატეობრივ გზაზე დამდგარა და ხალხს შესაბამისი ადგილიც მიუჩენია. წაიკითხონ „ღამურა“ და ნახავენ, სად არის ასეთი ადამიანების თუ პოლიტიკური ძალების ადგილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.