ეს გახლავთ მართლმსაჯულების საკითხი, ეს არ არის პოლიტიკური ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი. მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. თუკი ვინმეს აქვს რაიმე საფუძვლები თუ მიზეზები, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს მართლმსაჯულების და არა პოლიტიკურ ნაწილში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას.

„როდესაც ევროკავშირის საელჩო თუ სხვა ელჩები ზრუნავენ იმაზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენელი იყოს თუ არ იყოს წინასწარ პატიმრობაში, ამავე დროს, ერთ წინადადებას როგორ არ ამბობენ, რომ ისინი ძალადობას გმობენ?! რა გახდა ასეთი განსაკუთრებული, რომ არ უნდათ დაგმონ ძალადობა. ეს ხომ მათი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი კონტრაქტორი ორგანიზაცია, მისი წარმომადგენელი ძალადობს პოლიციელზე, თუკი გინდა გამოხატო პრეტენზია, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება იყოს ლმობიერი, იმ პასუხისმგებლობას რატომ არ გრძნობ, რომ შენი ფულით დაფინანსებული ადამიანი იმ ქვეყანაში, სადაც შენ სტუმარი ხარ, თავს დაესხა პოლიციას. ამაზე პასუხისმგებლობას რატომ არ იზიარებენ“?!, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი დგებუაძემ განაცხადა:  "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.