იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შეცვივდნენ „იმედში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომელშიც ევროპარლამენტარი „ყველა პასუხისმგებელი პირისთვის, მათ შორის „დეზინფორმაციული არხებისთვის“, სანქციების დაწესებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „„ქართული ოცნების“ არხი „იმედი“ თავისუფლად მუშაობს და ავრცელებს სიძულვილის ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ“.

„ეს იგივე ხალხია. დღესაც ნახავთ, ზუსტად იგივე ხალხი, ვინც 7 ნოემბრის დანაშაული შექმნა, დღესაც საუბრობს, რომ უნდა შეცვივდნენ „იმედში“ და ქალბატონმა იუკნევიჩიენემ რა თქვა? რომ „იმედი“ უნდა გააქრონ. საერთო ჯამში, ამით ჩანს, რომ მათი დაკვეთა იყო, ნებისმიერი ოპონენტი, ვინც სააკაშვილს ჰყავდა, უნდა გაექროთ, გაეუქმებინათ, მოეცილებინათ და სადღაც რეზერვაციაში შეეყარათ. ეს იყო სინამდვილეში ის ევროპა, რომელსაც გვიშენებდა სააკაშვილის ხელით ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.