რასა იუკნევიჩიენე რუსული აქცენტით გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის ქართველ ხალხს, არ ვიცი, თავის დროზე რა დავუშავეთ ამ ადამიანებს, რატომ არიან ასე გადაკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოელები როდესაც არიან წარმოჩენილი ამ ქვეყნის მმართველებად, ეს აჩვენებს, რომ საერთოდ არ ესმით, რას ნიშნავს სუვერენიტეტი, რას ნიშნავს, იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რას ნიშნავს ის ბრძოლა, რომელიც 80-იანი წლების მიწურულს რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა.

„რასაც ვხედავთ, ამ მხრივ რატომღაც განსაკუთრებით გამოირჩევიან ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები. გვეგონა, ისინი იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გაუგებდნენ ქართველ ხალხს. აღმოჩნდა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად ერჩიან ქართველ ხალხს. არ ვიცი, თავის დროზე რა დავუშავეთ ამ ადამიანებს, რატომ არიან ასე გადაკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, რატომ უნდათ მისი დაზიანება, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები გამოირჩევიან, მათ შორის ერთ-ერთი გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, გორბაჩოვის თანამოაზრე, პერესტროიკის დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით აქ გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას გვასწავლის ქართველ ხალხს. ადამიანი, რომელიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მფარველი და რომელიც მთელი ბოლო პერიოდია იქითკენ არის მიმართული, რომ რაიმენაირად დაიხსნას ციხიდან მიხეილ სააკაშვილი. გასაგებია, რატომაც უნდათ მისი დახსნა. მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ზუსტად მათი ინსტრუქციებით მოქმედებდა, მათი ინსტრუქციებით დამართა ქვეყანას, რაც დამართა და, რა თქმა უნდა, მის მიმართ აქვთ ვალდებულება, დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან, რომელსაც იხდის. ეს არის ადამიანი, ვგულისხმობ ქალბატონ რასას, რომელმაც სულ ახლახან, არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ბრალია ის პრობლემებიც, რასაც ახლა ზოგიერთი ევროპელი უქმნის საქართველოს. იმ ხალხის ბრალი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ამიტომ, ამ ადამიანის თვალში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი საერთოდ ამ ქვეყნიდან გასასახლებელია და საერთოდ უნდა გავაქროთ. ასეთი ადამიანი რომ ცდილობს ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას, გასაგებია, რომ მას არანაირი კეთილი ზრახვა არ აქვს. მეორე მხრივ, სამარცხვინო სანახაობაა, რასაც უკვე მერამდენედ ვხედავთ რუსთაველის გამზირზე. ოპოზიციამ ქართველი ერის დაკნინების რიტუალად აქცია, როდესაც უცხოელი „არამკითხე მოამბეების“ მიმართ ყიჟინა, გაკერპება მიმდინარეობს. მეხუთეხარისხოვანი პოლიტიკოსები როდესაც ჩამოჰყავთ, აყენებენ ტრიბუნასთან და მათი კერპად აღიარება მიმდინარეობს, ამას არაფერი კავშირი არ აქვს სუვერენიტეტთან, ქართველობის შეგრძნებასთან. ასეთი სახის საქციელით შემდეგ ყველანაირად კარგავენ კავშირს ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან და, საერთო ჯამში, აჩვენებენ, რომ ამ ხალხს საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს სუვერენიტეტი, რას ნიშნავს, იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რას ნიშნავს ის ბრძოლა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიდიოდა 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც ჩვენი ხალხი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ამ ყველაფრის უარყოფა არის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც უცხოელები არიან წარმოჩენილი ამ ქვეყნის მმართველებად და ჩვენი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციას შეუერთდნენ საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარებიც, მათ შორის რასა იუკნევიჩიენე, მიჰალ ჩერბა, ტობიას კრემერი, სერგეი ლაგოდინსკი.