ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას, საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაქეზებლად ესტუმრნენ.  მათი მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებული დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე.  ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა.  ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი.

სწორედ ამიტომ ვართ მტკიცედ და ამიტომ არ ვიხევთ უკან ჩვენს გზაზე. ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგანაც ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია. ერთადერთი გულისტკივილი, რასაც განვიცდი, არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც შეიძლება კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ უყვარს თავის ქვეყანა და რთულად ესმის ის გზა, რომელსაც მიჰყვება ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ობიექტურად ყველა მიხვდება, თუ რას ვემსახურებით ჩვენ. 

ამასთან ერთად, მინდა გამოვეხმაურო დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამატებითი სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ საკითხს.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია.

მეორე: პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო, მეორე შემთხვევაში - სხვას.

და მესამე - ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი სახე მიიღო, ფაქტობრივად, განადგურდა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც ვთქვი, წარმავალი ადმინისტრაცია.

ამ ფაქტორების გამო, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის, მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა