პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება, ამ მდგომარეობიდან ყველაზე სწორი და ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„თავად პრეზიდენტმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. მან თქვა, რომ კერძო თანხები გამოიყენა ვიზიტების განსახორციელებლად. ის ხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენებდა თანხას იმ ვიზიტისთვის, რომელზედაც თანხმობა არ ექნებოდა, ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი გამოყენება. რეალურად, ყველა აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაირღვა.
თუ კონსტიტუცია დაირღვა, ვართ თუ არა სახელმწიფო, ვცემთ თუ არა პატივს იმ წესებს, რომელიც ხალხმა დაგვიდგინა კონსტიტუციის სახით, როცა ვსაუბრობთ ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორ უნდა მიგვიღონ ჩვენ, როგორც ბარბაროსები, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ ძირითად კანონსაც კი და რა ღირებულებებზე მივდივართ ევროკავშირში. თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მაშინ აქ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აღიარებული იყოს კონსტიტუციის დარღვევა, არ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.