პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდგომ დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას პოლარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის თანამედროვე პოლიტიკის თითქმის ნორმა, - „გავიხსენოთ ბოლო არჩევნები ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენ მივხვდებით, რომ პოლარიზაცია არის უკვე შემადგენელი ნაწილი. ჩვენ რაც გვაქვს არის რადიკალიზაცია,“ - განაცხადა მან პარლამენტის ტრიბუნიდან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პოლარიზაციის შემთხვევაში არსებობს ორი პოლუსი და შესაბამისად დეპოლარიზაცია გულისხმობს მოლოდინს, რომ ეს ორი პოლუსი დაიძვრება ერთმანეთისკენ და სადღაც შუაში შეხვდებიან, თუმცა თუკი სინამდვილეში ჩვენ გვაქვს რადიკალიზაცია მაშინ შეუძლებელია, რომ ჩვენ ეს მოლოდინი გვქონდეს. რადიკალიზაცია გულისხმობს, რომ არის ერთი ცენტრი - დემოკრატიული ინსტიტუტები, დემოკრატია როგორც ასეთი და ის ჯგუფი, რომელიც გასულია ამ ცენტრიდან, ორბიტიდან არის გარეთ, გასულია დემოკრატიული ჩარჩოდან და აქ თუ ჩვენ მოლოდინი გვექნება, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა დაიძრნენ ჩარჩოს მიღმა მყოფი რადიკალური ჯგუფებისთვის ეს არის დემოკრატიის დაზიანება, - „ამიტომაც ვთქვი, რომ ერთადერთი გამოსავალი დე-რადიკალიზაციის, თუკი ვთანხმდებით რომ რადიკალიზაცია არის პრობლემა, არის ის რომ რადიკალური ჯგუფები შეეშვან რადიკალურ დღის წესრიგს - ერთი, და მეორე - თავისით ისინი ამას, რა თქმა უნდა, არ იზამენ, მეორე არის აღიარება, პრობლემის აღიარება უკვე გადაწყვეტის ნახევარი გზაა“.
„რაც შეეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც არ თვლით თავს რადიკალურად დაგვანახეთ ეს. თქვენ ნუ ფიქრობთ რომ მარტო „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გიმტკიცოს რაღაცა, თქვენც უნდა დაგვიმტკიცოთ ჩვენ, ჩვენ ამომრჩეველს უნდა დაუმტკიცოთ, რომ შეგიძლიათ თქვენი ამომრჩევლების პატივისცემით და პასუხისმგებლობით ამომრჩევლების წინაშე და არა ცალკეული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფების წინაშე პასუხისმგებლობით და ვალდებულებით იმოქმედოთ. ეს არის დემოკრატიის საწყისები და ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ მას ვცეთ პატივი.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვართ მზად კომპრომისისთვის რადიკალიზმთან. ჩვენ ვართ მზად, რომ დემოკრატიის ჩარჩოში მოქცევის შემთხვევაში გვქონდეს საგნობრივი, რაციონალური დისკუსია და აჩვენა ნებისმიერმა პროცესმა - საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის, იქნებოდა ეს გენდერული საკითხები, სხვა საკითხები, სადაც იყო რაციონალური მსჯელობა და არა ულტიმატუმებით საუბარი შესაძლებელი გახდა შეთანხმება“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.