ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას: „დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“.
„ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს ის ყველაფერი, თუ რა დამოკიდებულება აქვს რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ წარმომადგენელს თავისი ქვეყნის მიმართ. ეს ხალხი იყო ზუსტად, ვინც ამბობდა, რომ არ უნდა მოეცათ კანდიდატის სტატუსი, ეს ხალხია, რომლებიც ახლა ითხოვენ სანქციებს საქართველოსთვის. არანაირი პატრიოტული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ არ აქვთ. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. დიდი ხანია, ცნობილია რამდენიმე „ენჯეო“, რომელიც პირდაპირ მუშაობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.