პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება. ამის შესახებ მან ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვისას განაცხადა.

„2017 წელს უკვე გამყარდა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირი. რაც ახლა, ამ ცვლილებით ხდება, არის ერთი - სხვა ქვეყნებშიც იყო ეს ჩანაწერები კონსტიტუციებში, თუმცა ალტერნატივად სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოყალიბდა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულება, სამართლებრივი ფორმა, რომელიც, ფაქტობრივად, იმავე სამართლებრივ განზომილებაში აყენებდა ამ კავშირს. ამ ჩანაწერის მიზანი ესაა, რომ ქორწინება და ოჯახი იყოს ის, რაც არის განსაზღვრული კონსტიტუციით და არანაირი სამართლებრივი ალტერნატივები არ იყოს დაშვებული. ამავე დროს, მყარდება კონსტიტუციურად საქორწინო ასაკიც, 18 წელი. სხვადასხვა დროს, ეს ასაკიც იცვლებოდა ხოლმე და ესეც კონსტიტუციურად გამყარებული ასაკი იქნება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვები დღეიდან იწყება