საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ქალების - ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის ხმაურიანი განცხადებები „იმედის კვირაში“ შეაფასა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციონერი ქალების მიერ გაჟღერებული ფაქტი, რომ ევროპაში ვიზიტების დროს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებდა იმას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, ხელისუფლებისთვის ახალი ამბავი არ ყოფილა.
„ეს არის პროცესი, როდესაც ხედავენ [ოპოზიციის წარმომადგენლები], რომ ის გემი, რომელიც მომართული ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ, იძირება და შანსები იმის, რომ შეაჩერონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, იკლებს. ახლა ვხედავთ, ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ამ გემიდან გაიქცეს, არადა კომფორტულად იყო მოწყობილი და ზუსტად იმავეს აკეთებდა, რასაც ახლა სხვას აბრალებენ და არის მეორე ჯგუფი, რომელიც ცდილობს იქნებ რამენაირად მაინც ეს გემი დაატაკოს საქართველოს და დააზიანოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი. ოპოზიცია აცნობიერებს, რომ კანდიდატის მონიჭების შემთხვევაში ერთი, რომ აბსოლუტურად დისკრედიტირება მოხდება მათი, როგორც ანტიევროპული ძალის და მეორე - ეს გააძლიერებს ხელისუფლებას. დეკემბერში თუ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება, გვექნება უკვე განაცხადიც გაკეთებული და მონიჭებული კანდიდატის სტატუსიც. ყველა გეგმას, რომელიც 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა, შევასრულებთ და რა თქმა უნდა ეს გააძლიერებს საქართველოს ხელისუფლებას და 2024 წლის არჩევნებისთვის სწორედ ამ გაძლიერებული პოზიციით და კანდიდატის სტატუსით გავალთ არჩევნებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საქართველოს უკვე მიაყენა ზიანი როდესაც წლინახევრის განმავლობაში ცდილობდნენ წარმოეჩინათ მაჩანჩალად, როდესაც არის ლიდერი კანდიდატის მომლოდინე ქვეყნებს შორს.
„ვციტირებ ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ჩემი თანდასწრებით ბორელისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ საქართველოს არ გაუმართლა, რომ ჰყავს ასეთი ცუდი ხელისუფლება და ბოლოს დააყოლეს, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. თითქოს კანდიდატის სტატუსი ენიჭება არა ქვეყანას და მის ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის ისტორიას, მინდორ-ველებს, სამზარეულოს, თუ ა.შ. არც კი ერიდებათ მერე, რომ საჯაროდ თქვან, რომ ისინი ითხოვენ კანდიდატის სტატუსს, რაც მართალია, მაგრამ იმ პირობებში ითხოვენ, როდესაც მაჩანჩალას უწოდებენ საკუთარ ქვეყანას და მერე ითხოვენ, რომ ამ მაჩანჩალას კარგი ნიშანი დაუწეროს ევროკავშირმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.