გრძელდება შეხვედრები იმ ქვეყნებთან, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„იმ ქვეყნებთან გვქონდა შეხვედრები, ვინც თავს იკავებს რეზოლუციების მხარდაჭერისგან გაერო-ში ან ამ რეზოლუციებს მხარს არ უჭერენ. მათ ავუხსენით, რამხელა მნიშვნელობა აქვს რეზოლუციებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ზოგადად, საერთაშორისო სამართლის წესრიგისთვის და, საბოლოო ჯამში, თითოეული ქვეყნისთვის. იმედი გვაქვს, ეს ქვეყნები საკუთარ პოზიციას დადებითისკენ შეცვლიან და გაერო-ში უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება. საუბარი გვქონდა, რატომ არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი. მხარის დაჭერის ან არდაჭერის საფუძვლები სხვადასხვა გავლენებია, რაც შეიძლება, ამა თუ იმ ქვეყანაზე იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხსნით, საერთო სიკეთისთვის რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას და ამ კონტექსტში რეზოლუციის მხარდაჭერას. მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ბოლო პერიოდში პოზიტიურისკენ შეცვალეს წინა გადაწყვეტილება და გაერო-ში საქართველოზე რეზოლუციას მხარი წელს პირველად დაუჭირეს. მივიღეთ დაპირება, რომ აპირებენ, გააგრძელონ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა. მნიშვნელოვანია, რომ მიღწევები, რომლებიც გვაქვს, შენარჩუნდეს და განმტკიცდეს.
რაც შეეხება არაღიარებას, მიუხედავად იმისა, რეზოლუციის მიმართ როგორი პოზიცია აქვთ ხოლმე, მყარი გარანტია მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების და არაღიარების პოლიტიკის არდარღვევის. ეს არის მთავარი განმსაზღვრელი ნაწილი ჩვენი საუბრის. გარდა იმისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და ამ მხრივ ყველა შეხვედრაზე სრული მხარდაჭერა დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყველა შეხვედრაზე გამოირიცხა არაღიარების პოლიტიკიდან რაიმენაირი გადახვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს ანგოლის დედაქალაქში მართავს. ლუანდა მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეას მასპინძლობს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი.