საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეფექტიანად მოხდა კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის დამოუკიდებლობის ზრდას შეეხება.

მან კანონპროექტების დაინიცირებისთვის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა.

„მას შემდეგ რაც, ევროკავშირის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მინიჭების შესახებ, ამავე დროს, გასცა რეკომენდაციები შემდგომ რეფორმებთან დაკავშირებით, მათ შორის საკითხები შეეხებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, დამოუკიდებლობის, ასევე ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის, დამოუკიდებლობის ზრდას. ამასთან დაკავშირებით, როგორც ეს იყო გათვალისწინებული უწყებათაშორის სამოქმედო გეგმაში, შეიქმნა საპარლამენტო ფორმატი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ჩატარდა შეხვედრები, სადაც გვქონდა საუბარი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით რა შეიძლება შეცვლილიყო კანონპროექტში. გასულ კვირას იურიდიული კომიტეტის წევრებმა დააინიცირეს კანონპროექტში ცვლილების პაკეტები. მინდა, მადლობა გადავუხადო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს, რომ ასე ეფექტიანად მოხდა კანონპროექტების ინიცირება, რომელიც დღეს ბიუროზე გამოვა, შესაბამის კომიტეტებს გადაეცემა და უკვე გადავალთ საკომიტეტო მოსმენებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამასთან, ცვლილებებით, სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს. ასევე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება კანონპროექტში ცვლილებების ინიცირება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ხელშეუხებლობის გარანტი საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება.