პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება.
კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მას მნიშვნელოვნად მიაჩნია.
ამასთან, ცვლილებებით, სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.
ასევე, პროექტის მიხედვით, იზრდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საკონკურსო კომისიის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადებიც. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განისაზღვრება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საკონკურსო კომისია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატურას სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ თანხმობას სრული შემადგენლობის უმრავლესობით გასცემს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და განისაზღვრება, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120- ე−124-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−151 1 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორის მიერ არის ჩადენილი.