პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ცილისწამებაა, თითქოს ძალადობის შემთხვევები ხელისუფლების მხრიდანაა დაორგანიზებული.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ პაპუაშვილის განცხადებები ახალისებს ტერორს და ძალადობას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამავდროულად, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსები და აქტივისტები „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ფიზიკური ძალადობის რისკის ქვეშ დადგნენ, ხელისუფლებას კი თავისი თავი გამოჰყავს მსხვერპლად.

მისი თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლები ღიად არიან დაკავებული ტერორით.

„რაც შეეხება ზიზღის, ძალადობის და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წევრების წინააღმდეგ, აქ ხომ ხილულად ვიცით, რაც ხდება. ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი, რომ ხილულად ვიცით, იმ ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ღიად არიან დაკავებული ტერორით. როცა ადამიანს ემუქრები ტყვიით, ურეკავ, ემუქრები, შეურაცხყოფას აყენებ და მიუვარდები საჯაროდ, ეს არის ზუსტად ტერორი. ამაზე რომ არ გაქვთ რეაგირება, გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამას ხაზი გაესვას. რაც შეეხება სპეკულაციურ დაკავშირებებს, რაც თეონა აქუბარდიამ იკადრა, ეს მიუღებელია, მაგრამ იმ პოლიტიკური მორალის ადამიანების მხრიდან, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან, გასაკვირი არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ არის ღია ტერორის კამპანია, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. ქვეყნები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, ვაკვირდები, მათი თანამშრომლობა გაგრძელდება თუ არა ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული. ვინმეს თუ უნდა, რომ ამით რამეს ხელი დააფაროს, ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.