ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას, სამწუხაროდ, ოპოზიცია ძირითადად ამას არდადეგებისთვის იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზოგიერთი ოპოზიციური ფრაქციისა და დეპუტატის მხრიდან ბოიკოტთან დაკავშირებით პარლამენტში შესულ განაცხადს.
"ბოიკოტი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეზარება სამსახურში სიარული და ამიტომ შეუძლია, დაწეროს, რომ არ მოდის ან ვიღაც, რაღაც არ მოსწონს, ცუდ ხასიათზეა, ან პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. მათ შორის, თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს ძირითად შემთხვევაში პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება. სამწუხაროდ, პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ ოპოზიცია ძირითადად ამას არდადეგებისთვის იყენებს. ჯერ ამ პრაქტიკას მივყვეთ და მომავალი მოწვევის პარლამენტში ალბათ მნიშვნელოვანია, რეგლამენტში ეს უფრო ცალსახად იყოს გაწერილი და არ იყოს საფუძველი იმისა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა სამსახურში სიარულის გარეშე ხელფასი აიღოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.