საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ალენ ბერსეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი და შედეგები გააცნო.

 პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრა და ძალადობრივი პროტესტის ქრონოლოგიის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდა.

 შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად შეფასების მნიშვნელობას.

 მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე.

 მხარეებმა გამოხატეს, ღია დიალოგის საფუძველზე, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.

 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ და აღნიშნული დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა.