ნებისმიერი ევროპელი, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან ქართველ ხალხს დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოზე მორალს უკითხავს, საკუთარი წინადადება უნდა დაიწყოს იმით, თუ რატომ აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა დავით კეზერაშვილს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ჩემი დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგას კორუფცია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დავით კეზერაშვილს აქვს თავშესაფარი ევროკავშირში, ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
„ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც მოვისმენთ ბრიტანელი, თუ ევროკავშირის წარმომადგენელი დიპლომატების განცხადებას, საქართველოში დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის საკითხებზე, რაც ბოლო პერიოდში გვესმოდა. ეს ადამიანები ვიდრე საქართველოში დემოკრატიაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე ისაუბრებენ, პირველი, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებშია და რასაც პასუხი უნდა გასცენ, არის ის, რატომ იფარებენ საერთაშორისო კრიმინალს საკუთარ ტერიტორიაზე. ადამიანს, რომელმაც აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მილიონები მოჰპარა ქართულ ჯარს და როგორც ჩანს, ზუსტად ამ მილიონებით აგვისტოს ომის ბოლოსკენ, ბრილიანტებს და ძვირფასეულობას ყიდულობდა. 12 აგვისტოს აქვს ნაყიდი ის ბრილიანტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები როდესაც ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ქართული ეკლესია ბრძოლის ველიდან დაღუპული ჯარისკაცების გამოყვანით იყო დაკავებული, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრილიანტებს ყიდულობდა ჯარისთვის მოპარული ფულით.
„და დღეს ეს ხალხი, კეზერაშვილის ტელევიზია, მისი დაფინანსებული პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, გვარამიას პარტია, „ლელო“ და ა.შ. მისი დაფინანსებული „ენჯეოები“ – „სირცხვილია“, რომელსაც პარალელურად ევროკავშირიც აფინანსებს და კეზერაშვილიც აფინანსებდა, აი, ეს ხალხი გველაპარაკება საქართველოზე და მის ევროპულ მომავალზე. ხალხი, რომელმაც ქართული ჯარის ფულით ქონება დააგროვა და მაშინ, როდესაც უნდა ეზრუნა ამ ადამიანებზე, ეფიქრა იმაზე, რომ დაღუპული ჯარისკაცები გამოეყვანა ბრძოლის ველიდან, ბრილიანტებს ყიდულობდა. ამ მორალის ხალხია, კეზერაშვილის მორალის ხალხია დღეს ოპოზიციაში, ყველა პარტიაში, მათ ტელევიზიებში და მათ „ენჯეოებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი მორალის ხალხის უკრავდა გუშინდელ აქციაზე ტაშს უცხოელებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხისთვის ჭკუის სასწავლებლად იყვნენ ჩამოსულები.
„ამ მორალის ხალხთან გვაქვს საუბარი. მნიშვნელობა არ აქვს, მათ თანამდებობას და სტატუსს. ყველა, ვინც ამას იზიარებს, ამ ხალხის გვერდში დგას, ზუსტად იმ მორალის გამზიარებელია, რასაც დავით კეზერაშვილი წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღემდე დავით კეზერაშვილი აფარებს თავს ევროკავშირს. ამიტომ, ნებისმიერი ევროპელი, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან ქართველ ხალხს მორალს უკითხავს დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოზე, ყველამ თავისი წინადადება დაიწყოს ჯერ იმით, რატომ აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა კეზერაშვილს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ჩემი დიდი ეჭვია, რომ ამის უკან დგას კორუფცია და ზუსტად ის მილიონები და ბრილიანტები, რომლებიც ჩვენ ახლა ვნახეთ და ამ კორუფციის წყალობით არის, რომ დავით კეზერაშვილს აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში. ამიტომ, ყველა ამ ევროპელმა, თუ ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, თუ დიპლომატმა ჯერ გაგვცეს ამაზე პასუხი, რა დგას ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.