საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობები არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას. მან ხაზი გაუსვა ღია და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.

 მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ აღდგენის მნიშვნელობას. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უცხოური გავლენის უარყოფით მნიშვნელობაზე. 

სპიკერმა ლინდსი ჰოილმა აღნიშნა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობა გაუმჯობესდება.

 შალვა პაპუაშვილი კოლეგას საქართველოს პარლამენტის საქმიანობაზე ესაუბრა და არსებული პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა შედგა ტანზანიის ქ. არუშაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.