ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას. ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ მათ გადმოღებაზე. პირველი – საქართველოს პარლამენტი არ ზღუდავს სპონტანური ინტერვიუს დაწყებას, თუმცა ჟურნალისტს ავალდებულებს, შეწყვიტოს ინტერვიუ, თუ რესპონდენტი ამას მოითხოვს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტმა ჯერ თანხმობა უნდა მიიღოს რესპოდენტისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართოს კამერა. საინტერესოა. ვიფიქრებთ ამ წესის გადმოღების მიზანშეწონილობაზე. მეორე – საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, პირველ ჯერზე, სანქცია არის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერება, განმეორებისას – ექვსი თვით. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ სანქცია არის ერთი წლით აკრედიტაციის შეჩერება. საინტერესოა. ვიფიქრებთ, გადმოვიღოთ თუ – არა. მესამე – საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ქცევის წესების დარღვევისას, აკრედიტაცია უჩერდება მხოლოდ ამ ჟურნალისტს, სანქცია არ ეხება მედიას, რომელსაც ის წარმოადგენს. რა ხდება ევროპარლამენტში? აღმოჩნდა, რომ აკრედიტაციას უჩერებენ არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ მთლიანად მედიას. მისი ვერცერთი ჟურნალისტი ერთი წლის განმავლობაში ვერ იმუშავებს ევროპარლამენტის შენობაში. საინტერესოა. ამ წესზეც ვიფიქრებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.










