საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრს, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა უკანასკნელ წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2023 წელს განხორციელებულ ვიზიტს ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი იზიარებენ ეროვნული სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიმართ ერთგულებას, ასევე, მტკიცედ უჭერენ მხარს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგის განმტკიცებას და საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის დაცვას.

ჩინურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა გამოხატეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მზაობა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას ყველა მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების განვითარებაზე, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების, ინოვაციების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თავისუფალი ვაჭრობა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივაში,“ ასევე, შუა დერეფნის პოტენციალის უკეთ ათვისების საჭიროება.

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.