ავღანეთში, სადაც ესტონეთისა და ლიეტუვის საომარი იყო, ჩვენ ვიომეთ, რამდენი ჯარისკაციც მათ ჰყავდათ, იმდენი ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაიღუპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებები ცდილობენ ქართველ ხალხზე თავდასხმით რაღაცნაირად აჩვენონ საკუთარი განსაკუთრებული შესაძლებლობები, რაც უბრალოდ არასერიოზულია.
„ვხედავთ ესტონეთისა და ლიეტუვის განსაკუთრებულ ვერბალურ, გამორჩეულ მხარდაჭერას და განსაკუთრებულ საომარ თუ საბრძოლო რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. სადაც საომარი იყო ავღანეთში, სადაც მათი ომი იყო, ნატო-ს წევრების, ესტონეთისა და ლიეტუვის, იქ ჰყავდათ 30-30 კაცი, ისიც შტაბებში დამალული და 1 000 ჯარისკაცი გვყავდა ჩვენ. რამდენი ჯარისკაციც ლიეტუვასა და ესტონეთს ჰყავდათ, იმდენი ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაიღუპა ავღანეთში. სადაც საომარი იყო, მათი ომი ჩვენ ვიომეთ და ახლა, როდესაც ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ქართველ ხალხზე თავდასხმით რაღაცნაირად გვაჩვენონ მათი განსაკუთრებული შესაძლებლობები, ეს უბრალოდ არასერიოზულია.
მინდა, შევახსენო, რომ ეს არის, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებების მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა მათი ომი იომა ავღანეთში, ისე, რომ ჩვენ არ ვიყავით ნატო-ს წევრები და ამ მისიაში წავედით საერთო მიზნების, სიკეთის გამო. როდესაც ჩვენ 1 000-კაციანი კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილი, 30-30 კაცი ჰყავდათ ესტონეთსა და ლიეტუვას ავღანეთში, ისიც შტაბებში. ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იყვნენ ამ ომში. ასე რომ, ეს ქედმაღლობა, რომელიც, როგორც ჩანს, ნატო-ს ქოლგით არის გამოწვეული, გასაგებია, დაცული არიან, რა ედარდებათ, ჩიტი ვერ შეფრინდება ვერც ერთ ქვეყანაში. თვითონ თითის გატოკებაც კი არ მოუწევთ, ნატო-ელი ჯარისკაცები მიხედავენ მათ უსაფრთხოებას.
ჩვენ, ქართველ ხალხს ამდენი ხანია გვერჩიან. მათ შორის ბოლო ორი წელია, სწორედ ეს ორი ქვეყანა იყო მოწინავე იმაში, რომ როგორმე ებიძგებინა და ეიძულებინათ საქართველოს ხელისუფლება, დაგვეწესებინა სანქციები ქვეყნისთვის, რომლის საოკუპაციო ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში არის. ვინ იბრძოლებდა აქ, ესტონელ ჯარისკაცს გამოუშვებდნენ, თუ ლიეტუველს. სად გაუშვეს, უკრაინაში გაუშვეს ესტონელი ჯარისკაცი, თუ ლიეტუველი ჯარისკაცი? ამიტომ, ეს დამოკიდებულება და ფარისევლობა, რომელსაც ვხედავთ ესტონელი და ლიეტუველი ხელისუფლების მრიდან, ეს დიდი ხანია, ჩვენმა მოსახლეობამ ნახა. ნახა ის სამარცხვინო საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მათი ქმედებები, როდესაც მიტინგზე დადგნენ სხვა ქვეყანაში. ასეთ სამარცხვინო ნაბიჯებს რომ გადადგამს ხელისუფლების წარმომადგენელი, იქ გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ ამას მიჩვეული ვართ. უკრაინა ასე იქცევა, უკვე ბოლო ორი წელია, ჩვენ ამით არ ვზიანდებით. უკრაინა ნამდვილად იზიანებს თავს იმით, რომ საქართველოს ხალხს თავს ესხმის სხვადასხვა არასამართლიანი გადაწყვეტილებებით თუ ნაბიჯებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.