ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და მის ხელისუფლებაზე, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, თუმცა გასაგებია, ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით, რომ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება მოქმედებს სხვების კარნახით და ზედმეტად თვალშისაცემია მათი განსაკუთრებული თავდასხმები ქართველ ხალხზე, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ლიეტუველ და ესტონელ ხალხთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა აქვს.

„მეგობრული ურთიერთობა საერთო ისტორიული წარსულითაც არის განპირობებული და ამიტომ გულსატკენია, რომ ხელისუფლებები ამ შემთხვევაში საკუთარი ხალხის, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ თავს ესხმიან ქართველ ხალხს. ჩვენ ვნახეთ, რომ ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლება ჩართული იყო მათ შორის წინასაარჩევნო პროცესში. ვხედავდით მათ თბილისის ქუჩებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობდნენ. მაშინ ვამბობდი, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ ხალხთან, სამწუხაროდ, რომლებმაც ერთადერთ რამეს შეიძლება, მიაღწიონ – ისინი ჩვენ ვერ დაგვაზიანებენ, თუმცა შესაძლოა, დაეზიანებინათ ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა. ამიტომაც ვნახეთ დღეს საქართველოს მთავრობის განცხადება. ჩვენ ასეთ მდაბალ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ეკადრება ჩვენს ურთიერთობას.

შეგახსენებთ, იმავეს ვხედავდით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. სხვათა შორის, სია, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს, იდენტურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიისა. აქაც ჩანს ის საერთო ხელი, რომელიც ამ ხელისუფლებებს მართავს, საერთო ხელწერა. ამ მხრივაც კი საკუთარი აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული სიასთან დაკავშირებით და უბრალოდ copy paste-ით ერთი ხელით იმართება ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენ ამ ურთიერთობაში ვართ დიდი ხანია, უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რომელიც საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოს თავს ესხმის ქართველ ხალხს და ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას უკრაინელ ხალხთან. ამ ყველა პროცესის შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ იკადრა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენ უკრაინელ ბავშვებსაც ვიღებდით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, არც ჰუმანიტარული დახმარება შეგვიჩერებია, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინელი ხალხის დახმარება არ შეგვიჩერებია, ვინაიდან ხელისუფლებები იცვლება. შეიცვლება უკრაინაშიც, ესტონეთშიც, ლიეტუვაშიც. სხვათა შორის, ახლახანს შეიცვალა ლიეტუვაში ხელისუფლება და წინა ხელისუფლების გაფუჭებულ საქმეზე უწევს მემკვიდრეობის მიღება. საბოლოო ჯამში, მიხვდება ყველა, ეს ხალხები,  რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ხალხების საერთო ინტერესით მოქმედებდა.

აქვე მინდა, ერთი რამ დავამატო, როცა ვსაუბრობთ ლიეტუვასა და ესტონეთზე. ორივე ქვეყანა ჩვენზე ზომით, მოსახლეობით პატარა ქვეყნები არიან. არ ვიცი, რატომ აქვთ მათ ხელისუფლებებს შემორჩენილი გარკვეული საბჭოური მენტალიტეტი. ჩვენ საბჭოთა კავშირის ფარგლებში საერთო წარსული გვაკავშირებს და ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც ე.წ. დიდი ძმის პლატფორმიდან გელაპარაკებიან. როგორც ჩანს, საბჭოთა წასრულიდან ამ ორი ქვეყნის ხელისუფლებებმა მხოლოდ ეს ნაწილი შეითვისეს, რომ სხვა ქვეყნებს ესაუბრონ ზემოდან და გამოიყენონ ის პლატფორმა, რომ არიან ევროკავშირის წევრები, ნატო-ს ქოლგით დაფარული და ევროკავშირისა და ნატო-ს ზურგით გამაგრებულებმა ქართველ ხალხს ელაპარაკონ ზემოდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, ხოლო ესტონეთმა – 14-ს.