მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა იმ სრულიად ფარისევლური პროცესის წაყრუება, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდოჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ყველაფერთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვეტი, რაზეც საზოგადოების თანხმობა და ემპათია დგას, სოლიდარობაა. კარგია, რომ ვიხილეთ მედიის წარმომადგენლებისგან ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის მაგალითი, განსაკუთრებით კი მაუწყებლის ოპერატორის მიმართ გამოხატული აგრესიის შემთხვევაზე. ეს მაგალითი უნდა დარჩეს, როგორც სახელმძღვანელო, რათა მომავალში ასეთი სოლიდარობა არ განირჩეოდეს პოლიტიკური თუ კონკრეტულ მედიასაშუალებასთან კუთვნილების ნიშნით. შერჩევითი არც მართლმსაჯულებაა მართებული და არც სოლიდარობა. მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის მაგალითის წახალისება და შექება და არა იმ სრულიად ფარისევლური პროცესის წაყრუება, როდესაც მედიაექსტრემისტებად ქცეული ფსევდოჟურნალისტები თავიანთი კოლეგების „დასახვრეტ“ სიებს აქვეყნებენ. პროსკრიფციების გამოქვეყნებით წარმართული ბრძოლა ცალსახადაა დასაგმობი“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „ძალადობრივი აქციები უნდა დასრულდეს, მშვიდობიანად გამოხატული პროტესტი უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური განვითარების კალაპოტს“.
„ჩემი მოწოდებაა კიდევ ერთხელ, შეწყდეს ძალადობა და აგრესია, პროცესი დაუბრუნდეს პოლიტიკური ცხოვრების კალაპოტს. არჩევნები ახალი დასრულებულია, პოლიტიკური ველი გადატვირთულია, ადამიანებმა თავიანთი ნება გამოხატეს თავისუფლად და შედეგიც სამართლიანად დადგა. ეს მოცემულობა უნდა მიიღოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალადობრივი აქციები უნდა დასრულდეს, მშვიდობიანად გამოხატული პროტესტი უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური განვითარების კალაპოტს. ჩვენ ბუნებრივია, მივესალმებით პროცესის სწორედ ამგვარ განვითარებას. დემონსტრანტებიც და პოლიტიკური ძალებიც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ჩვენს ქვეყანას, გაიხედონ მომავლისკენ და მოემზადონ ამომრჩეველთან უკეთესი კომუნიკაციისთვის“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.