4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების საქმეზე განაჩენის შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის მიმართ სიტყვა „ერთობა“ პოლიტიკური ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის დანაშაულებრივი ერთობა და დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.

„ჩვენ ამ დაჯგუფებების სახით დანაშაულებრივი გაერთიანება გვაქვს, რომელიც საქართველოს დაზიანებას ცდილობს. ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც დანაშაულის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება, რადგან ეს არის ერთი დიდი დანაშაული პოლიტიკური და რიგ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ დანაშაულში იზრდება ხოლმე, რომელსაც ისინი სჩადიან ქვეყნის წინააღმდეგ. მათ უნდა შევხედოთ როგორც პოლიტიკურ კრიმინალებს, რომელთაც დანაშაულებრივი ერთობა აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.