საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში გამართა შეხვედრა კომერციის მდივნის მოადგილეებთან - ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, უილიამ კიმიტთან და ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯეფრი კესლერთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით. საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. - ნათქვამია საგარეო სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.









