საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები ლევილის ქართველთა მამულში გამართულ კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებს დაესწრნენ. ლევილის ქართველთა მამულმა საქართველოსთვის მამულის გადმოცემის 8 წლისა და 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა ფრანგ სტუმრებთან ერთად ლევილის სასაფლაოს მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებების მიმდინარეობისას გაიხსნა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია წიგნები ტიერი ბერიშვილის პირადი კოლექციიდან.

 ლევილის შატოს მუზეუმის ფონდი 20 სექტემბერს  თბილისში დაარსდა. მისი პირველი ექსპონატი ლეგენდარული მოჭადრაკის - ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეწირული ჭადრაკის ფიგურაა.

 ლევილის შატოს უკვე განახლებულ სივრცეში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია 1924 წლის აჯანყების შესახებ.

 2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები.

 ღონისძიებებს  ესწრებოდნენ: პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე,  კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ლევილის მერი ერიკ ბრევი, მეცნიერებათა აკადემიის, მუზეუმების, ეროვნული არქივის წარმომადგენლები და მკვლევრები.