აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით, აშშ-ში პრემიერის ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის განვლილი ეტაპი შეფასდება და ახალი პერსპექტივები დაისახება. არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები რეგიონში სამაგალითოა.
“ამ ვიზიტის მთავარი მნიშვნელობა არის ის, რომ კიდევ ერთი, მორიგი ძლიერი ბიძგი მისცეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და გაფართოებას. ვიზიტის განმავლობაში შეჯამდება ერთგვარად განვილილი პერიოდი თანამშრომლობის ორ ქვეყანას შორის, დაისახება ახალი ახალი პერსპექტივები, გზები. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში ეს არის სამაგალითო ურთიერთობები, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მაქვს მხედველობაში. ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის , ამ ძალისხმევის მიღწეული შედეგები თვალნათლივ ჩანს, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი მონდომება და მოტივაცია არსებობს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები”,-განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში.
ცნობისათვის, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.