საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით  ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანმდევ პროექტებთან ერთად განიხილა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ახალი კოდექსით იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი გარკვეული სპეკულაციების საგანი გახდა - თითქოს „ქართული ოცნება“  ამ ნაბიჯს იმიტომ დგას, რომ ეშინია არარეზიდენტი პირების მიერ მმართველი პარტიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ პროცესის რეალური გავლენა არჩევნების შედეგებზე მინიმალურია.  წინა საპარლამენტო არჩევნების დროს 96 ათასზე მეტმა არარეზიდენტმა პირმა გაიარა რეგისტრაციაა საარჩევნო უბნებზე და მხოლოდ 35 ათასზე მეტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ანუ დაახლოებით მხოლოდ ერთმა  მესამედმა, რაც მთლიანი საარჩევნო შედეგის 1.5%-ია.  ეს არ არის ის მასშტაბი, რაზეც  შეიძლება შეთქმულების თეორიები  შეიქმნას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატორების მიერ გადაწყვეტილება სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით არის მიღებული. კერძოდ, უნდა არსებობდეს გათვითცნობიერებული არჩევანი და ერთადერთი გარემო, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური მდგენელის სწორად და კარგად გააზრება საკუთარი სამშობლოა, სადაც არსებულ სიტუაციაზე ალტერნატიული აზრის მოსმენა და გაცნობა  რთული არ არის.

როგორც  დავით მათიკაშვილმა განმარტა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასევე ამყარებს: არსებული საერთაშორისო პრაქტიკა; ის მსჯელობა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან დაკავშირებით ჰქონდა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ბერძნულ მხარესთან მიმართებით.
კანონპროექტის თანახმად:

• ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით;
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ფოტოვიდეოგადაღების წესები;
• დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე;
• საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;
• საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სრულად დაკომპლექტებისა და პოტენციური კადრების მოძიების პროცესის წახალისების მიზნით, იცვლება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები;
• ზუსტდება შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითების პროცედურა. კერძოდ, დგინდება, რომ მიღებული ხმების პროცენტული წილი საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში აისახება, დამრგვალების გარეშე, მთელი რიცხვის მარჯვნივ არაუმეტეს 5 ციფრის მითითებით;
• ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა.
• საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე;
• საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის წესი;
• კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ პირს აეკრძალება ყველა სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს შესაბამისი პირების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას;
• კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით დგინდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეცჯგუფად ფორმირების საფუძვლები;
• დამატებით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენები გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას;
• მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. ასე, იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.

„საარჩევნო კოდექსის“ პროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის, მათ შორის, პარლამენტის რეგლამენტშიც. ვინაიდან კოდექსში მუხლების ნუმერაცია და ადგილმდებარეობა შეიცვალა, ამიტომ  პარლამენტის რეგლამენტის 226-ე მუხლის პირველ პუნქტში მიეთითება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისი მუხლის შესაბამისი პუნქტი. აღნიშნული პუნქტი ოლქის დელეგატის ბიუროს შექმნის საკითხს ეხება.