საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად პარლამენტის 83 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა დადგინდა, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტითა და პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლით დადგენილი ხელმოწერების  რაოდენობას - პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს.

 ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, განსაზღვრულია საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა. კომისიას  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  თავმჯდომარე გივი მიქანაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი;  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.