ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება რუსეთიდან, არ შეიძლება აკეთებდეს ანტირუსულ საქმეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან აპრილში 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა.

წილოსანის თქმით, მაშინ, როდესაც ხოშტარია ფაქტობრივად რუსულ ფულზე ზის, მას ჰყოფნის თავხედობა, რომ ვინმეს რუსი ან პრორუსი უწოდოს. 

„ელენე ხოშტარიას რომ გაეზარდა დაფინანსება, რა თქმა უნდა, ალბათ არავის გვიკვირს, რადგან ის ზუსტადაც რომ ოკუპანტის საქმეს აკეთებს. ამ ქვეყანას უთხრის ძირს და ფაქტობრივად მუდმივი რევოლუციური პროცესების რეჟიმში ჰყავს. ელენე ხოშტარიას როდესაც ეკეტება სხვადასხვა დაფინანსების წყაროები, რომელიც ჩვენთვის აქამდე ცნობილი იყო, მას რჩება მუდმივი დაფინანსების წყარო რუსეთიდან და, რა თქმა უნდა, საკითხავიც აღარ არის ალბათ, რისთვის ჯილდოვდება ეს ადამიანი ყოველთვიურად და განსაკუთრებით გაზრდილი ჰონორარით. მისი აქტივობა ალბათ ყველასთვის ცნობილია და შესაძლოა ეს პირდაპირ პროპორციული იყოს იმასთან, რასაც ის აკეთებს აქ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მორალურ მხარეზეც აღარ ვსაუბრობ, როდესაც ის იკვებება რუსეთიდან და ფაქტობრივად რუსულ ფულზე ზის. ამის შემდგომ ყოფნის თავხედობა, რომ ვინმეს უწოდებს რუსს ან პრორუსს. თავისთავად, აქ უკვე მისი აღარც როგორც პოლიტიკოსის, არამედ უბრალოდ როგორც ადამიანის მორალიც ცნობილია, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ყოველ ჯერზე სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება რუსეთიდან, არ შეიძლება აკეთებდეს ანტირუსულ საქმეს. თან ვიცით მათივე წარმოდგენით როგორი ქვეყანა არის რუსეთი და როდესაც რუსეთი მას გარკვეულწილად არ ასანქცირებს, თუ არ უწყვეტს ამ დაფინანსებას, რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, რისთვის უხდის ამ ფინანსურ მადლობას რუსეთი ელენე ხოშტარიას“, - აღნიშნა წილოსანმა.