ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!- - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
"არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციებისგაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.