ბიძინა ივანიშვილი თუ პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მთავარი ის არ არის რომ მე არ მიპასუხა, მთავარი ის არის რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ უცებ გადაახვევინა კურსიდან იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, გადაახვევინა ჩვენი კურსიდან, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა. ეს ქვეყანა დაასუსტა. ყველას გვახსოვს სტატუსის მიღების დღეები, რა სიხარული იყო ხალხში. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის, რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა. რატომ? ვინმეს უთხრა? ჩვენ ვიცით მისგან მხოლოდ ორი დიდი სიტყვა, რომელიც ალბათ, მისი დაწერილიც არ არის - მტრულად განწყობილი ჩვენი პარტნიორების მიმართ და საზოგადოების მიმართ, საზოგადოებას ჰპირდება რევანშს, რეპრესიებს. რა სტილი არის ადამიანისგან, რომელიც ან გარეთ არის, ან შიგნით არის, მაგრამ ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა? რატომ უნდა? და რას უკეთებს ამ ქვეყანას? მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში. თუ პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები. ფაქტებს ვუყურებ და ვიცი საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებული არის, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ ორჯერ გაუშვა პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო. მერე ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს ნიშნავს პრემიერად. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.