ივანიშვილს, საბოლოო ჯამში, მიუხედავად თავისი განცხადებებისა, როდესაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, კარგად ესმის თუ რა დიდ დისკომფორტს შეუქმნის ის, რომ დასავლეთმა სრული ძალებით წნეხის ქვეშ მოაქციოს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვიცი ბიძინა ივანიშვილს როგორ წარმოედგინა, მაგრამ როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ დასავლეთი არ აპირებს, მშვიდად უყუროს, როგორ გადააბარებს ივანიშვილი საქართველოს რუსეთს. ამისი ძალიან ნათელი გზავნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაანონსებული სანქციების პოლიტიკა და გაფრთხილება, რომ მომავალში სხვა ნაბიჯებიც მომზადებულია. ის პროცესი, რაც დღეს აშშ-ში მიდის, ივანიშვილის რეჟიმის საკანონმდებლო დონეზე დასანქცირება, რაც აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივად გააკეთეს... ვფიქრობ, ივანიშვილს, საბოლოო ჯამში, მიუხედავად თავისი განცხადებებისა, როდესაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, კარგად ესმის თუ რა დიდ დისკომფორტს შეუქმნის ის, რომ დასავლეთმა სრული ძალებით წნეხის ქვეშ მოაქციოს. ეს მხოლოდ მისთვის, რადგან მას, რა თქმა უნდა, არ აინტერესებს კობახიძე და არავინ სხვა. ამ ხალხმა ხვალ რომ აღარ იარსებოს, არ აინტერესებს, თუ საკითხი პირადად არ ეხება. კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა ამის სიგნალია, რომ დასავლეთს ბოლომდე არ ჩაეხსნან. როგორც ჩანს, ივანიშვილს ეშინია მათი ბოლომდე გაუცხოების. უკრაინის დახმარების კონფერენციაზე ჩასვლა ვერ შეცვლის იმ დამოკიდებულებას, რაც დღეს დასავლეთს ივანიშვილის რეჟიმის მიმართ აქვს. მას გასაგებად უთხრეს, რა არის მათი მოლოდინი და ეს იგივეა, რაც ქართველი ხალხის მოლოდინი - ქართველ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიოს. ხელისუფლებისთვის შემდეგი ნიშნული არჩევნები იქნება. არჩევნებზე აუცილებლად გაიმარჯვებს პროევროპული კოალიცია, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.