შალვა პაპუაშვილს შეიძლება გაუცრუა იმედები ევროკავშირის ელჩმა, მაგრამ ევროკავშირმა არ გაუცრუა იმედი ქართველ ხალხს - ვინ არ გაუცრუა იმედი პაპუაშვილს? - ეტყობა, ვლადიმერ პუტინმა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ ევროკავშირს, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები და ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა“.
„ჩვენ მართლმსაჯულებას სისტემური პრობლემა აქვს და ამას გვეუბნება ჩვენ ევროკავშირიც და აშშ-იც მრავალი წელია და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ამ სისტემის რეფორმირებაში. პაპუაშვილმა ეს უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ თავად მუშაობდა პროექტში, რომელიც სწორედ მსგავსი რეფორმების გასატარებლად ხორციელდებოდა, ოღონდ მაშინ არ მიაჩნდა, რომ ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იყო. ახლა შეიცვალა ის, რომ „ქართული ოცნება“ არის მიმწყვდეული კედელთან. გამოაშკარავდა რეალურად ის, რომ ამ ხელისუფლებამ რამე კი არ გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, არამედ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ამ ხელისუფლებისა.
დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესიც გადაიდო. უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდნენ, როდესაც რუსული კანონი მიიღეს და ამით კლავდნენ იქვე შესაძლებლობას კანდიდატის სტატუსის მიღების“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.