რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები უკრაინაში რუსული ჯარების წინსვლის შესახებ "იმდენად შორს არის რეალობისგან, რომ ჰალუცინაციებს ჰგავს", - განაცხადა ამერიკის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW).
რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სექტემბერში არ დაუკავებიათ 1301 კვ. კმ, როგორც ამას რუსეთის ლიდერი ამტკიცებს, არამედ განიცადეს წმინდა ტერიტორიული დანაკარგი 80,81 კვ. კმ-ის ოდენობით, - აღნიშნავს ISW უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის სიტუაციის მორიგ მიმოხილვაში.
თუ ამ მაჩვენებელში შევიტანთ რუსი სამხედროების შეღწევის შემთხვევებს იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც საბოლოოდ კონტროლი ვერ დაამყარეს, რუსეთის ფედერაციის წმინდა ტერიტორიული დანაკარგი ფრონტზე სექტემბერში კიდევ უფრო დიდი იქნება და 175,18 კვ. კმ-ს შეადგენს, - აღნიშნულია შემდგომ.
"პუტინის აბსურდული განცხადებები კვლავაც აყალიბებს საბრძოლო მოქმედებების გამოგონილ სურათს, რაც კოგნიტიური ომის ფარგლებში კრემლის ძალისხმევას განამტკიცებს", - წერენ ამერიკელი მკვლევრები. მათი თქმით, ეს ძალისხმევა მიმართულია მთელ ფრონტზე რუსული ჯარების სწრაფი წინსვლის შესახებ ცრუ შთაბეჭდილების შექმნაზე.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, ISW ვერ ადგენს, იცის თუ არა პუტინმა, რომ მის მიერ მოყვანილი ციფრები ყალბია, თუ სიმართლედ მიაჩნია ფრონტიდან მიღებული გამოგონილი მონაცემები, რომლებსაც მას აწვდიან "როგორც რუსეთის სამხედრო სარდლობის სტრუქტურაში სიცრუის ღრმად ფესვგადგმული კულტურის შედეგს".




