კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა.
„ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, სტაჟირების პერიოდში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და მათთვის საინტერესო სფეროში ცოდნის გაღრმავება ახალგაზრდებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ სტაჟიორს“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 20 ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიული გამოცდილების მიღებას შეძლებენ.
ახალგაზრდები საქართველოს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, იურიდიულ სამსახურში, კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტში, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტში, ეკონომიკურ დეპარტამენტში, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაკომუნიკაციების სამსახურში გაივლიან სტაჟირებას.
ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსხური ავრცელებს.




