ცალკეული შემთხვევებიდან ჩანს, რომ სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციები გადამეტებული იყო - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ვიზუალურადაც ჩანდა ცალკეული შემთხვევები, როდესაც სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციები ცალსახად გადამეტებული იყო“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, ლევან იოსელიანმა განმარტა, რომ აქციაზე ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით მივიდა.
„აქციაზე მივედი იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი ამ ყველაფერს. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო იყვნენ გულმოსული და არ იზიარებდნენ პოზიციას. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა, შეურაცხმყოფელი შეძახილები. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატი დღესაც იქნება. ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში იქნებიან აქციაზე და დააკვირდებიან აქციის მიმდინარეობას. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზრდება ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მათ ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და არ გადაამეტონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.